ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic თურქეთის ქალაქ რიზეს მახლობლად, პაზარის რაიონის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ავარიულად დაეშვა.
თვითმფრინავში ბელგიის ორი მოქალაქე — კრისტიან პაიფერი და ვლასელაერ ვერნერი — იმყოფებოდნენ. ისინი თურქეთის სანაპირო დაცვის ჯგუფებმა ზღვიდან უვნებლად ამოიყვანეს და ნაპირზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანით კაჩკარის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა. როდესაც ძრავის პრობლემა წარმოიშვა, ეკიპაჟმა ავარიული მდგომარეობის შესახებ აცნობა შესაბამის სამსახურებს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სანაპირო დაცვის ერთი ხომალდი, ორი კატარღა და მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მისულმა მაშველებმა თვითმფრინავი ზღვის ზედაპირზე იპოვეს და ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი ცოცხალი და გონზე მყოფი გადაარჩინეს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში რეგისტრირებული WT9 ტიპის თვითმფრინავი ბათუმიდან 12:32 საათზე აფრინდა და ორდუ-გირესუნის მიმართულებით VFR რეჟიმით მიფრინავდა. ძრავის გაუმართაობის შემდეგ პილოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რიზე-ართვინის აეროპორტისკენ გადაუხვია. თვითმფრინავი რიზე-ართვინის აეროპორტიდან დაახლოებით 4 საზღვაო მილის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთით, ზღვაში დაეშვა. სანაპირო დაცვის ჯგუფებმა პილოტსა და მგზავრს 13:04 საათზე მიაღწიეს. უწყების ცნობით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რიზეს გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, თვითმფრინავის პილოტი ძრავის გაუმართაობის გამო რიზე-ართვინის აეროპორტის სადისპეტჩერო კოშკს დაუკავშირდა და ავარიული დაშვება მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, თვითმფრინავი ზღვაში დაესვა. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

