კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ს არმიის ყოფილი გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც კიევში გამართული უსაფრთხოების ფორუმის „YES“-ის შემდეგ პოლონეთისკენ მიემგზავრებოდა. მისი თქმით, მან დრონების ხმა მატარებელში, უკრაინის საბაჟოს გავლისთანავე გაიგონა, რის შემდეგაც მგზავრები სასწრაფოდ ევაკუირებულნი იქნენ. მალევე მოხდა აფეთქება —დრონი მოხვდა იმავე სადგურზე გვერდით მდგარი, კიევი-ვარშავის მიმართულების სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს. პეტრეუსის მატარებელს დაზიანება არ მიუღია და აფეთქების შემდეგ ის უსაფრთხოდ გავიდა პოლონეთის ტერიტორიაზე.
უკრაინის რკინიგზის განცხადებით, დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე იაჰოდინის იმავე სადგურიდან უკვე გასული იყო დიპლომატიური მატარებელი, რომელზეც იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი და ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების მრჩევლები. კომპანიის ცნობით, ეს მატარებელი გრაფიკზე ადრე გავიდა სადგურიდან „რუსული დარტყმების მუდმივი საფრთხის გამო“ და დრონის დაცემისას უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცია“-ს განცხადებით, „საკმაოდ სავარაუდოა“, რომ დრონის სამიზნე სწორედ უცხოელი წარმომადგენლების მატარებელი იყო, თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ დეტალები კვლავ მოწმდება.
პეტრეუსმა განაცხადა, რომ დამარტყმელი მოწყობილობა იყო რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონის „გერანის“ მოდიფიკაცია, — დეტალი, რომელიც უკრაინის ოფიციალურ განცხადებებში არ ფიგურირებდა. აფეთქების შემდეგ პეტრეუსი დაბრუნდა მატარებელში და უსაფრთხოდ გადავიდა პოლონეთის ტერიტორიაზე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კიევში მოწვეულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმა საზღვართან ახლოს ესკალაციას წარმოადგენს. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ განაცხადა, რომ დარტყმა ევროკავშირისა და ნატოს კარებზე „მოკაკუნებას“ ჰგავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამიზნეს რკინიგზის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.


