გიორგი ბარამიძეს არავინ ასამართლებს იმის გამო, პატრიოტია თუ არაპატრიოტი – რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი, მივიდა და ყურში უჩურჩულა?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არასერიოზული განმარტებებია. ის პატრიოტია თუ არაპატრიოტი, ამისთვის არავინ ასამართლებს. მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით – ეს არის საბოტაჟი. მისი განცხადება იყო აბსოლუტურად კატასტროფული საქართველოს იმიჯისთვის. ჩვენ რომ დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდს ვეწეოდით, ან დახვრეტებს ვაწარმოებდით და სამხედრო დანაშაულს ჩავდიოდით, სადამდე შეიძლება ამ მტკიცებამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მიიყვანოს, ძნელი მისახვედრი არ არის და მე მგონი, ამაზე ბევრი არ უნდა ვისაუბროთ. მან თავისი განცხადება დააზუსტა და თქვა იმაზე უარესი, ვიდრე თავიდან. ჯერ თქვა, რომ ამას არმია აკეთებდა, მერე თქვა, ამას აკეთებდა გაბრაზებული ხალხი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა და მერე მიდიოდა ეს ხალხი და სამხედრო დანაშაულს ჩადიოდაო. ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო” ეს ნათქვამი?! მივიდა და ყურში უჩურჩულა, რაღაც შენი ნამოქმედარი არ მოგვწონს, გვინდა რეპრესია განვახორციელოთ და იქნებ ეს თქვა და ხელ-ფეხი გაგვეხსნასო?! ასე წარმოუდგენია ამ ხალხს?! რაც გააკეთა, თვითონ გააკეთა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.


