სააგენტო Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ომის მხარდაჭერის მტკიცებულება. თითქოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები.
გარდა ამისა, კრემლმა შესაძლოა არჩევნები ახალი გადაწყვეტილებების გასამართლებლადაც გამოიყენოს, მათ შორის შესაძლო მობილიზაციისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, მიუხედავად ხელისუფლების საჯარო განცხადებებისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
პუტინისთვის კიდევ ერთი სარგებელი არის შესაძლებლობა, რუსეთის მოქალაქეებს „ნორმალური ცხოვრების“ სურათი აჩვენოს: არჩევნები ტარდება, ჩვეული პოლიტიკური რიტუალები სრულდება, ანუ თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამასთან, კენჭისყრა შეიძლება უკრაინასთან დაპირისპირების არგუმენტადაც გამოიყენოს: თითქოს რუსეთში არჩევნები ტარდება, უკრაინაში კი — არა, საომარი მდგომარეობის გამო, რასაც ის უკვე აქტიურად იყენებს.
Reuters-ის თანახმად, შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა უფრო მკაცრ რეპრესიულ ზომებზე გადავიდეს — როდესაც წინასაარჩევნო ოპტიმისტური სურათის შენარჩუნების საჭიროება აღარ იქნება.


