კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ კიდევ ერთ სექსუალურ დანაშაულში ცნო დამნაშავედ და ამ ეპიზოდზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 23 სექტემბერს გახდა ცნობილი.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს განაჩენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური დანაშაულების ბრალდებებთან დაკავშირებული მრავალწლიანი სასამართლო პროცესების სერიაში. ბოლო წლებში 74 წლის კინოპროდიუსერის საქმეებს ნიუ-იორკისა და კალიფორნიის სასამართლოები განიხილავდნენ.
ამჯერად, როგორც The New York Times წერს, პროკურორი ბრალდებულისთვის 20 წლით პატიმრობას ითხოვდა. თავად ჰარვი ვაინშტაინი დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ სექსუალური კონტაქტები ორმხრივი თანხმობით ხდებოდა.
ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები
2020 წელს ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა სტილისტისა და მსახიობის, ჯესიკა მანის გაუპატიურებისა და პროდიუსერის ასისტენტის, მირიამ ჰეილის ორალური სექსის იძულების ბრალდებებით.
თუმცა, 2024 წლის აპრილში ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და მიზეზად სასამართლოში არასწორად წარდგენილი, მიკერძოების გამომწვევი მტკიცებულებები დაასახელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინის გასამართლებისას ყურადღება მის წარსულ ქმედებებზე იყო გამახვილებული და არა მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებშიც მას კონკრეტულ პროცესზე ედებოდა ბრალი. საქმე ხელახლა განსახილველად მანჰეტენის იმავე სასამართლოს გადაეცა.
ვაინშტაინი ციხეში დარჩა, რადგან 2023 წელს ლოს-ანჯელესის სასამართლომ ის სექსუალური ძალადობის სხვა ეპიზოდებში დამნაშავედ ცნო და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2025 წლის ივნისში, საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინი მირიამ ჰეილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა მოდელ კაია სოკოლას მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდში გაამართლა. მესამე ეპიზოდზე, რომელიც ჯესიკა მანის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას ეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, მოსამართლემ განხილვის გაგრძელება გადაწყვიტა.
დანაშაული 2006 წელს მოხდა
2026 წლის 23 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ვაინშტაინს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა, პროდიუსერის ასისტენტის, მირიამ ჰეილის მიმართ ძალადობის ეპიზოდს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 2006 წელს, მანჰეტენზე მდებარე ვაინშტაინის ბინის საძინებელში მოხდა.
ჰარვი ვაინშტაინი ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურა იყო. მას პროდიუსერად უმუშავია ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორებიცაა „ინგლისელი პაციენტი“, „მაკულატურა“, „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ და „ნიუ-იორკის ბანდები“. ფილმმა „შეყვარებული შექსპირი“ კი „ოსკარი“ მიიღო.


