უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ციფრული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, მიხაილო ფედოროვი ტექნოლოგიურ ომში მორიგ გარღვევას გეგმავს და ფრონტის ხაზზე ადამიანური რესურსის მაქსიმალურად ჩასანაცვლებლად ახალ პლატფორმას აფუძნებს. პროექტ „რობოტების არმიის“ (Army of Robots) დაწყების შესახებ მან, უკვე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელმა, ლვოვში მიმდინარე ტექნოლოგიურ კონფერენციაზე — IT Arena-ზე ოფიციალურად გამოაცხადა.
ფედოროვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან სამთავრობო პოსტი დატოვა, თავის გუნდთან ერთად აგრძელებს მუშაობას უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ახალი ინოვაციური ინიციატივა ყალიბდება როგორც ერთიანი თავდაცვითი ეკოსისტემა, რომელიც გააერთიანებს წამყვან ინჟინრებს, სამხედრო გამოცდილებას, კერძო კაპიტალსა და ტექნოლოგიებს
„2022 წელს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ „დრონების არმიას“. მაშინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რამდენად ძლიერად შეცვლიდა უპილოტო საფრენი აპარატები ომს. დღეს დრონები სამიზნეების განადგურების 95%-ზე მეტს უზრუნველყოფენ, უკრაინაში კი უკვე უპილოტოების 700-ზე მეტი მწარმოებელი მუშაობს.
მაგრამ ტექნოლოგიური ომი ერთ ადგილზე არ დგას. ჩვენ გვჭირდება შემდეგი გარღვევა. ჩვენი ფსონი ომის რობოტიზაციაზეა.
„რობოტების არმიის“ მთავარი მიზანია ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება. ყველაზე სახიფათო სამუშაო რობოტებმა უნდა შეასრულონ, რათა ჩვენი სამხედროები სახლში ცოცხლები დაბრუნდნენ.
ბრძოლის ველის მომავალი ასეთი უნდა იყოს: ჯერ სენსორი აფიქსირებს საფრთხეს, შემდეგ კი სახიფათო ზონაში რობოტი შედის. ადამიანის მსგავსმა (ჰუმანოიდურმა) რობოტებმა უნდა მოახდინონ დაჭრილების ევაკუაცია და საბრძოლო მასალის მიწოდება. მათ უნდა იკისრონ დანაღმვა-განაღმვა, დაზვერვის წარმოება, პოზიციების დაცვა და სამიზნეების განადგურება. პირველები ისინი უნდა შევიდნენ იქ, სადაც დღეს ჩვენ სამხედროების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებთ.
„რობოტების არმია“ არ არის ერთი კონკრეტული კომპანია. ეს არის მთელი ეკოსისტემა. ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებში, გავუშვებთ საკუთარ ტექნოლოგიურ პროექტებს, შევქმნით კვლევით ცენტრებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გამოვცდით უშუალოდ სამხედროებთან ერთად და მაქსიმალურად სწრაფად მოვახდენთ იმის მასშტაბირებას, რაც რეალურად მუშაობს ბრძოლის ველზე.
ჩვენი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ რუსეთმა ისწავლა სამხედრო ტექნოლოგიების სწრაფად კოპირება და მასშტაბირება. ამიტომ, საჭიროა მუდმივად შევქმნათ მომდევნო ტექნოლოგიური ციკლი მტერზე ადრე. ამისთვის აუცილებელია ერთად შევკრიბოთ საუკეთესო ინჟინრები, სამხედრო გამოცდილება, კაპიტალი და ტექნოლოგიები — და მათი ფოკუსირება ერთ მიზანზე მოვახდინოთ: გავაკეთოთ ისე, რომ იომონ რობოტებმა და არა ადამიანებმა.
მთავრობის მიღმაც, უკვე კერძო სექტორიდან, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ტექნოლოგიური ომის ჩვენს ხედვაზე — AIR. LAND. ECONOMY (ჰაერი. ხმელეთი. ეკონომიკა) და ჩვენს მთავარ მისიაზე — შევქმნათ ტექნოლოგიები, რომლებიც ეხმარება უკრაინას გამარჯვებაში და ინარჩუნებს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს.
ჩვენ კვლავ გვრჩება ბევრი გამოწვევა — ცაში, ფრონტზე, ომის ეკონომიკაში. რობოტიზაცია არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალი ტექნოლოგიური გარღვევის შესაძლებლობას.
ლვოვში გამართულ IT Arena-ზე, ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ იმ თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიებისა და ინჟინრების ძებნა, რომლებიც რობოტიზებულ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. ასევე ვეძებთ „რობოტების არმიის“ მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცერს და ტექნიკურ ლიდერს“ – აცხადებს მიხაილო ფედოროვი.


