ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის არსებობის შემთხვევაშიც კი,სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მახლობლად მდებარე რაიონებში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. ამის შესახებ ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, ლიეტუვის ეროვნულმა რადიომ და ტელევიზიამ (LRT) განაცხადა. შეზღუდვები მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებსაც შეეხება, თუმცა არ გავრცელდება მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე.
დოკუმენტის თანახმად, აკრძალვამ ქვეყანაში „მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს“ სადაზვერვო საქმიანობა და „ჰიბრიდული ოპერაციები“, მაგალითად, სამხედრო წვრთნებზე დაკვირვება ან ჯარების გადაადგილების თვალთვალი. თუ კანონპროექტს ეროვნული პარლამენტი — სეიმი — დაამტკიცებს, ცვლილებები 2027 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. ლატვიასა და ფინეთში მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს. ესტონეთი კი ანალოგიური აკრძალვის შემოღებას გეგმავს.
ლიეტუვის ცენტრალური რეესტრის მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, ქვეყანაში უძრავი ქონება, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად, შეძენილი აქვს რუსეთის 5 104 და ბელარუსის 2 781 მოქალაქეს, რომლებიც დროებით ან მუდმივ ბინადრობის ნებართვას ფლობენ. ივნისში მეზობელი ლატვიის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემაზე შეზღუდვები დაამტკიცა.
ლიეტუვამ კანონის მიღება ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა
აპრილის ბოლოს ლიეტუვის სეიმმა, 95 ხმით ექვსის წინააღმდეგ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის მოქმედება 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ეს კანონი თავდაპირველად 2023 წლის 3 მაისს მიიღეს. მის შესაბამისად, შეჩერებულია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისგან შენგენისა და ეროვნული ვიზების მისაღებად განაცხადების მიღება. რუსეთის მოქალაქეებს ასევე ეკრძალებათ ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენა, ნაღდი უკრაინული გრივნის შეტანა და ელექტრონული რეზიდენტის სტატუსის მიღება.
რუსეთის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ნებართვა უუქმდებათ, თუ დადგინდება, რომ ბოლო სამი კალენდარული თვის განმავლობაში რუსეთს ან ბელარუსს ერთზე მეტჯერ ეწვივნენ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც მოგზაურობა ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობას უკავშირდებოდა.
ლიეტუვა ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის გაუქმებისკენ მიდის
22 სექტემბერს ლიეტუვის სეიმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, შენახვის კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას ითვალისწინებს. LRT-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 99 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 13, კიდევ ხუთმა კი თავი შეიკავა. დასამტკიცებლად ცვლილებამ კენჭისყრის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი 6 ოქტომბერს არის დაგეგმილი, საბოლოო კი — 2027 წლის 12 იანვარს.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებმაც როტაციის ფარგლებში ლიეტუვიდან მანამდე წასული აშშ-ის სამხედროები უნდა ჩაანაცვლონ, უკვე ქვეყნისკენ მიემართებიან.
„ახლახან მივიღე დასტური, რომ ამერიკელი სამხედროების ახალი კონტინგენტი უკვე ლიეტუვისკენ მოემართება!“ — დაწერა მან და ამ გადაწყვეტილებისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.


