ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ერთობლივ პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, საკონსტიტუციო სასამართლოდან მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას და მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. ესენი კი არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.
რა წერია რეზოლუციის ერთობლივ პროექტში
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვითარება თანდათან უარესდება, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით სულ უფრო მეტად შეუთავსებელი ხდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან;
იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით; იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით სარჩელს დაემატა „ფედერალისტები“, ხოლო 2026 წლის სექტემბერში სიაში შეიყვანეს „საქართველოსთვის“ — ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც კვლავ რჩებოდა პარლამენტში, რისი მიზანიცაა ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სრული განადგურება;
იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ იმ ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც ემსახურება კრემლის მიზანს — დატოვოს საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მიღმა;
იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ სერიოზული ეჭვები გააჩინა აღნიშნული საქმის განხილვისას მათი დამოუკიდებლობის თაობაზე;
იმის გათვალისწინებით, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები იძულებულნი გახდნენ 2026 წლის სექტემბერში დაეხურათ თბილისის ოფისები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მათ მიერ დაფინანსებული პროექტების რეგისტრაციაზე „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე;
იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულ იქნა მრავალი ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ ინფორმაციას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული რეპრესიების შესახებ;
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას; ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით გაუქმება შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა აბათილებს რეჟიმის მანამდე არსებულ ნარატივს, თითქოს სამიზნეს მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში“ მყოფი პარტიები წარმოადგენდნენ;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას, ასევე მშვიდობიანი პროტესტის გამო დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ; მოითხოვს მათ მიმართ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული „საბოტაჟის“ ბრალდებების მოხსნას;
ევროპარლამენტი მოუწოდებს იმ საკანონმდებლო დებულებების გაუქმებისკენ, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საშუალებას იძლევა; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოითხოვს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის შეწყვეტას;
ევროპარლამენტი სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან არსებული უმოქმედობის გამო, რათა დამდგარიყო ხელშესახები შედეგები საქართველოში ვითარების მუდმივი გაუარესების საპასუხოდ; ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და სავიზო შეზღუდვების ამოქმედების შესახებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, პირველ რიგში — ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ“ – ნათქვამია რეზოლუციის ერთობლივ პროექტში, რომლის ავტორებიც არიან ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის (Greens/EFA) წარმომადგენლები.


