პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ბრალს სდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. ის კვლავ საკუთავ წვლილზე წერს, ამჯერად, ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ დევნასა და ცილისწამებას უწოდებს
„19 ოქტომბერს დაიწყო ჩემი სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.
იმის გამო, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ცილისმწამებლური ბრალდება შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს – თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას მოკლედ გავუზიარო, თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის ჩემი პრემიერ-მინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.
ამ პერიოდში განხორციელდა:
* თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა;
* სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება;
* სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება;
* ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა;
* სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.
„ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ – ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (აღნიშნული გამოცდილება და მაგალითი მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გავხადე სავალდებულო).
ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.
ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.
ზემოაღნიშნული დევიზის შესაბამისად ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია – თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა…
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ჯარისთვის გაკეთდა.
თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.
ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის…
ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.
შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები – რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.
ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.
ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:
„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.
აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.
მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.
2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.
ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.
მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება – დაიწყო გამოძიება.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).
ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები – პატრიოტი პროფესიონალები.
სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.
აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.
და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი


