სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის რაოდენობის 30 ათასამდე გაზრდის, მიგრანტების დაბრუნების პროცესში მისი როლის გაფართოების და რეაგირების ჯგუფის შექმნის შეთავაზებით გამოდის, რომელიც ადგილზე ჩასვლას 24 საათში შეძლებს.
ევროკომისია გამდის შეთავაზებით, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს. სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს გარე საზღვრების კონტროლსა და იმ ადამიანების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ორგანიზებაში ეხმარება, რომლებსაც იქ დარჩენის უფლება არ აქვთ.
სამშაბათს, 27 ოქტომბერს წარმოდგენილი წინადადების თანახმად, Frontex-ის მუდმივი კორპუსის შემადგენლობამ 2027 წლისთვის მოქმედი წესებით გათვალისწინებულ 10 ათას ადამიანს უნდა მიაღწიოს, ხოლო 2041 წლისთვის 30 ათასამდე გაიზარდოს. სააგენტო ასევე უნდა გახდეს ევროკავშირის მთავარი ოპერატიული ორგანო მიგრანტების დაბრუნების საკითხებში.
„ჩვენ თავად უნდა ვწყვეტდეთ, ვის შეუძლია ევროკავშირში შემოსვლა, ვის შეუძლია დარჩენა და ვინ უნდა დატოვოს ევროკავშირი“, — განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა.
გაძევების შესახებ გადაწყვეტილებებს კვლავ ეროვნული ხელისუფლებები მიიღებენ და შესაბამისი ოპერაციებიც მათი პასუხისმგებლობით ჩატარდება. Frontex-ს არ მიენიჭება იმ ადამიანების დამოუკიდებლად მოძებნის უფლებამოსილება, რომლებიც დაბრუნებას ექვემდებარებიან. ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნით, სააგენტო შეძლებს დახმარებას ნებაყოფლობითი და იძულებითი დაბრუნების ორგანიზებაში, მათ შორის ფრენებისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფაში.
Frontex ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ახალ უფლებამოსილებებს მიიღებს
ახალი უფლებამოსილებები Frontex-ს საშუალებას მისცემს, მიგრანტების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას ხელი შეუწყოს არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც — მაგალითად, სატრანზიტო ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო იქნება ევროკავშირსა და შესაბამის ქვეყანას შორის ოფიციალური შეთანხმება, ევროპარლამენტის თანხმობა და არგაძევების პრინციპის დაცვა, რომელიც კრძალავს ადამიანების გაგზავნას იქ, სადაც მათ დევნა ან სასტიკი მოპყრობა ემუქრებათ.
ევროკომისიის მონაცემებით, ყოველი 100 ადამიანიდან, რომლებსაც ევროკავშირის დატოვება ევალებათ, რეალურად მხოლოდ 32–33 ბრუნდება. ამასთან, Frontex განხორციელებული დაბრუნებების თითქმის ნახევარში მონაწილეობს: 2025 წელს სააგენტოს მხარდაჭერით ევროკავშირიდან 63,5 ათასი ადამიანი დააბრუნეს — რეალურად დაბრუნებული მიგრანტების საერთო რაოდენობის 43 პროცენტი.
სეუტის გამოცდილება და რეაგირება 24 საათში
ევროკომისია ასევე გამოდის შეთავაზებით Frontex-ის შემადგენლობაში სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნას. ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფოს თხოვნით, ისინი მის საზღვარზე ჩასვლას 24 საათში შეძლებენ, თუ ქვეყანა მიგრანტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას ან სხვა კრიზისულ სიტუაციას შეეჯახება. „გვინდა, რომ Frontex-მა ადგილზე ჩასვლა რამდენიმე საათში შეძლოს და არა კვირაში“, — ხაზგასმით აღნიშნა ბრუნერმა.
ბრიუსელში განაცხადეს, რომ რეფორმის მომზადებისას გაითვალისწინეს 2026 წლის ზაფხულში ესპანეთის ანკლავ სეუტაში მომხდარი მიგრაციული კრიზისის გამოცდილება. მიგრანტების მასობრივ ჩასვლამდე სოციალურ ქსელებში ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდებოდა.
Frontex-ის სტრუქტურაში იგეგმება სოციალურ ქსელებში საჯაროდ ხელმისაწვდომი კონტენტის მონიტორინგის ცენტრის შექმნა. მან უნდა გამოავლინოს დეზინფორმაციული კამპანიები და ევროკავშირის ქვეყნები გააფრთხილოს იმ ქმედებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა მიგრანტების მასობრივი ჩასვლა გამოიწვიოს. თუმცა Frontex-ს ასეთი პუბლიკაციების დამოუკიდებლად წაშლა არ შეეძლება.
გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს დაბრუნების პროცედურების ციფრულ ფორმატში გადატანა და საკუთარი სისტემების ერთმანეთთან თავსებადობის უზრუნველყოფა მოუწევთ. ეს ეროვნულ ხელისუფლებებსა და Frontex-ს საშუალებას მისცემს, თითოეულ საქმეზე მონაცემები გაცვალონ და დოკუმენტების გაფორმებისა და მიგრანტების გაგზავნის პროცესი კოორდინირებულად წარმართონ. ერთიანი საერთოევროპული მონაცემთა ბაზის შექმნა არ იგეგმება.
ვის შეეხება რეფორმა
ახალი წესები შესაძლოა შეეხოს ევროკავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს, თუ მათ ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ხელისუფლებამ მათი გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
რეფორმა არ ეხება მოქმედი ბინადრობის ნებართვის ან სხვა კანონიერი სტატუსის მქონე პირებს. თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება მათ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაუშვებელია.
რეფორმა არც დროებითი დაცვით მოსარგებლე უკრაინელებს შეეხება, რადგან ეს სტატუსი მათ ევროკავშირში ცხოვრების უფლებას აძლევს.


