4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.
” პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე […] პასუხისმგებლობა მქონდა და ახლაც მაქვს – მარტივი არაა, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ, რომ საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ და მიხარია, რომ უმრავლესობამ ეს გააკეთა […] ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს 4 ოქტომბერს იყო, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთე […]
არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია. ბევრი მიზეზის გამო. ციხეში 50 წლის გავხდი, ბავშვიც არ ვარ, ამიტომ რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა ვინმესთან რაიმე პირობებს”. – თქვა ზოდელავამ.
ლაშა ბერიძემ კი თქვა, რომ მისი აზრით, 4 ოქტომბერი შედგა.
“4 ოქტომბერს არ ვნანობ […] დიახ, 4 ოქტომბრის ეროვნული შეკრების ორგანიზატორი ვიყავი […] ჩემი აზრით, 4 ოქტომბერი შედგა”. – ამბობს ბერიძე.
ზოდელავამ და ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას განცხადებით თავად მიმართეს.


