ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტი, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს აფასებს.
ევროკომისარი მარტა კოსი, გაფართოების პაკეტს დღესვე საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგენს.
ანგარიში ასახავს თითოეული კანდიდატის პროგრესს — ან მის არარსებობას.
როგორც გამოცემა The Parliament Magazine – ევროკავშირის საკითხებზე სპეციალიზებული წამყვანი ჟურნალი წერს, დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველო რჩება კანდიდატად „მხოლოდ ქაღალდზე“.
იმავეს ადასტურებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც მან მოიპოვა, წერია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ „ჰქვია“ და ის არა წინსვლას, არამედ უკუსვლას აგრძელებს:
„საანგარიშო პერიოდში ფუნდამენტური მიმართულებებით უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელწოდებით და კვლავ უარს ამბობს იმ სარგებლის მიღებაზე, რასაც მას კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებამდე მოსამზადებელი პროცესი სთავაზობს.
საქართველოს ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული ის შეშფოთებები, რომელთა გამოც ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ეს კი ზოგადად უვიზო რეჟიმსაც საფრთხეს უქმნის“ – წერია ანგარიშში იოზვიაკის ინფორმაციით.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების პაკეტის პროექტს გაეცნო „რადიო თავისუფლებაც“, რომლის ინფორმაციითაც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გრძელდება უკუსვლა ფუნდამენტურ საკითხებში — დემოკრატიაში, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებში. ევროკომისია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზის ძირის გამოთხრას, ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას და სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობით ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს.
ანგარიშში განსაკუთრებით კრიტიკულად არის შეფასებული 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების გარემო, სასამართლოს დამოუკიდებლობის მკვეთრი დასუსტება და კორუფციის ფონზე სახელმწიფოს მიტაცების ყველაზე მაღალი რისკი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამავდროულად, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ თუ ხელისუფლება შეცვლის კურსს და დაუბრუნდება ფუნდამენტურ პრინციპებს, პროცესი შეიძლება განახლდეს, ხოლო მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი უცვლელია.
„საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
სულ უფრო რეპრესიული კანონდებლობის შედეგად, სამოქალაქო სივრცე უფრო მეტად და მწვავედ იზღუდება. საქართველო კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თანმხლებ რეკომენდაციად განისაზღვრა.
სამოქალაქო საზოგადოება ოპერირებს რეპრესიულ გარემოში და წარმოადგენს შემზღუდავი კანონდებლობის სამიზნეს, რაც აძლიერებს მსუსხავ ეფექტს“ – წერია ანგარიშში „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით.
The Parliament Magazine-ის ცნობით, 2026 წლის გაფართოების პაკეტში ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს შორის პროგრესის მკვეთრ განსხვავებას უსვამს ხაზს. რეფორმების კუთხით გამოკვეთილი ლიდერები არიან მონტენეგრო და ალბანეთი, რომლებსაც აქვთ შანსი, 2026-2027 წლების ბოლოსთვის გაწევრიანების ყველა მოლაპარაკების თავი დახურონ. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ უკრაინასა და მოლდოვასაც, რომლებმაც ბოლო თვეებში რამდენიმე ახალი კლასტერი გახსნეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში კი პროცესი ორმხრივი უთანხმოების გამო დაბლოკილია, სერბეთთან მოლაპარაკებები 2021 წლის შემდეგ ჩიხშია, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა და თურქეთი გაწევრიანების გზაზე ყველაზე მეტად ჩამორჩებიან.
ანგარიშების წარდგენის შემდეგ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომხსენებლები მოამზადებენ რეზოლუციის პროექტებს თითოეული ქვეყნისთვის, სადაც ჩამოყალიბებული იქნება პარლამენტის პოზიციები და რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობისკენ მათი შემდგომი პროგრესის შესახებ.


