ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა ქონდეს, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.
კალასის თქმით, წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა არსებობდეს, ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმმა აღიარა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ.
„ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება 2008 წელს შედგა. მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, საჭიროა თუ არა მასში ცვლილებების შეტანა. თქვენ იცით, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას დრო დასჭირდება. ამიტომ, კომპრომისი იქნებოდა, თუ ხელს მოვაწერდით 2008 წლის შეთანხმებას. ეს ჩარჩოა იმისთვის, რათა ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც მათსა და ჩვენს ინტერესებში შედის. ამავდროულად კი, საბჭოსთან ერთად ვიმუშავებთ განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის. წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის, ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმმა აღიარა. ასე რომ, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ“, – განაცხადა კალასმა.


