საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპარლამენტის რეზოლუცია „ყალბი ნარატივების გავრცელებად“ შეუფასა და „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა.
„2026 წლის 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
შეხვედრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“ – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში


