რუსული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. მთავარი აქცენტი „ძვირფას რუს ხალხსა“ და მოსკოვსა და თბილისში მოლაპარაკებების გამართვაზეა.
სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა კობახიძის ბრიფინგიდან მთავარ ციტატებად გამოიტანა მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან „რუსი ხალხი ქართველებისთვის ძვირფასია“ და „ანტარქტიდაც რომ გადნეს, საქართველო და რუსეთი მაინც მეზობლებად დარჩებიან“.
რუსულმა გამოცემა EADaily-მ სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ყინული დაიძრა? კობახიძემ მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში გამართვა შესთავაზა“.
გამოცემა „Взгляд“-ი კი ხაზს უსვამს, რომ რუსეთში ქართული დროშის აფრიალებით თბილისი კმაყოფილი იქნება. ამჯერად გამოცემა შალვა პაპუაშვილის სიტყვებს იმოწმებს.
რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ კობახიძემ მხარი დაუჭირა მის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გალუზინს შორის შეხვედრების მონაცვლეობით – მოსკოვსა და თბილისში გამართვას.


