უკრაინა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის განადგურებით არ შემოიფარგლება: ზელენსკიმ უკვე გასცა მისი სრულად განადგურების ბრძანება, – წერს The Telegraph. WSJ-ის ინფორმაციით, დარტყმების განხორციელებისას უკრაინის შეიარაღებული ძალები ისრაელის სისტემას HiSKY იყენებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ყირიმის ხიდის იმ ნაწილის განადგურება დაავალა, რომელიც საავტომობილო მონაკვეთის განადგურების შემდეგ დარჩა. ამის შესახებ შაბათს, 28 ნოემბერს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.
„პრეზიდენტს სურს, რომ ხიდი სრულად განადგურდეს“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. The Telegraph-ის ინფორმაციით, ხიდის სარკინიგზო მალის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანდა მანამდე განხორციელებული დარტყმების შედეგად, რომელთა დროსაც 11 სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ გადამწყვეტი როლი უკრაინულ ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტებს – „ნეპტუნებს“ – ენიჭებოდა. მათ გაუმჯობესებულ მოდელს სამიზნეების განადგურება 1000 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები ისრაელის სატელიტურ სისტემას HiSKY იყენებენ
ამავდროულად, გამოცემა The Wall Street Journal-ი (WSJ) იუწყება, რომ ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე დარტყმების განხორციელებისას გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ისრაელის სატელიტური სისტემის, HiSKY-ის ტერმინალებით იყო აღჭურვილი. ეს სისტემა, ილონ მასკის Starlink-ისგან განსხვავებით, რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მას, მათ შორის, რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების აღმოსაჩენად იყენებენ.
თუმცა, ვინაიდან HiSKY-ის ექსპლუატაცია Starlink-თან შედარებით უფრო რთულია და მასთან მუშაობისთვის აუცილებელია ტექნიკური სპეციალისტების ადგილზე ყოფნა, WSJ-ის წყაროს შეფასებით, ამ სისტემას, სავარაუდოდ, არა დრონებით ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად გამოიყენებენ.


