ADIDAS-მა კურტ ზუმას კატაზე ძალადობის გამო კონტრაქტი შეუწყვიტა

ADIDAS-მა ,,ვესტ ჰემის” მცველს, კურტ ზუმას, კონტრაქტი შეუწყვიტა. მიზეზი ზუმას მიერ კატაზე ძალადობაა.

The SUN-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ფეხბურთელი საკუთარ კატას ჯერ ფეხს ურტყამს, შემდეგ მისდევს, ხოლო მოგვიანებით ძალადობას მეორე კატაზე აგრძელებს.

გავრცელებულ ვიდეოს, საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით 27 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და აღნიშნა, რომ წუხს ჩადენილი საქციელის გამო და ორივე კატა კარგად არის.

“მინდა ვთქვა, თუ როგორ ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ორივე კატა ჯანმრთელად და კარგადაა. ჩვენს მთელ ოჯახს უყვარს ისინი. ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც აღარ გამეორდება”, – თქვა ზუმამ.

აღნიშნულ ვიდეოს ასევე განცხადებით გამოეხმაურა “ვესტ ჰემი”, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ ფრანგ ფეხბურთელს, ცხოველის მიმართ ძალადობას.

“ვესტ ჰემი უპირობოდ გმობს ჩვენი მოთამაშის, კურტ ზუმას იმ ქმედებებს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. გავესაუბრეთ კურტს და განვიხილავთ მის საქციელს. გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ვაპატიებთ მას ცხოველების მიმართ სისასტიკეს”, – წერია ვესტ ჰემის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 გაფრთხილება  : ვიდეო, რომელსაც The SUN-ი ავრცელებს, შეიცავს კადრებს, სადაც ცხოველზე ძალადობაა ასახული.