“აღარ ვაპირებ ერთი ორგანოს გარშემო საუბარს, ქვეყანა თავზე გენგრევათ” – მიხეილ სააკაშვილი გეი დრამაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ განვითარებულ მმოვლენებზე გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.

სააკაშვილი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო სულ სხვა სიმაღლეებზე იყოს, ერთი ორგანოს დონემდე დაეცა.

“საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს გახსნილობას, ჰუმანურობას. არის საზღვრები, რაც ქრისტიანობის ფარგლებში არ ჯდება. ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცეებს აქვს თავის შეხედულება.

რაც ხდება არის სრულიად ინსპირირებული, საქართველოში მეტი პრობლემა არაა, ვიდრე ფილმების გარჩევაა? საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, ოღონდ რეალში. მშვენიერ რეკლამას უკეთებენ ამ ფილმს და თავიანთ თავებს, თემა სხვაგან გადაიტანეს, ეს მკაფიოდ რუსული ნარატივია. ამ აქტიურობით 90-მა პროცენტმა გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაშინ როცა, სხვა შემთხვევაში 3 პროცენტი გაიგებდა.

2012 წლიდან ცოცხების კადრებიდან დაწყებული მუდმივად თავს უკანალის გარშემო დისკუსიებს გვახვევენ. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო კავკასიის შვეიცარია და სულ სხვა სიმაღლეებზე ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად დავყავართ ერთი ორგანოს დონემდე. მე აღარ ვაპირებ ლაპარაკს ამ ერთი ორგანოს გარშემო თემებზე. თავზე გენგრევათ ქვეყანა” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.