აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროსასამართლომ რუსეთის მოქალაქეების 2 სარჩელი არ მიიღო

{{ARTICLEIMAGE}}
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების ორი სარჩელი განსახილველად არ მიიღო. სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მცხოვრებლებმა შეიტანეს. 

სარჩელები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეხებოდა: ესენია სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური მოპყრობა, საკუთრების უფლების დარღვევა, სამართლებრივ დაცვის უფგლების დარღვევა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა.

სასამართლომ ორი სარჩელი არ მიიღო განსახილველად, რადგან განმცხადებლები მართალია განიცდიდნენ მნიშვნელოვან დისკომფორტს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ იყო იმდენად სერიოზული, რომ ეს კონვენციის მუხლების დარღვევად ჩათვლილიყო.

სარჩელები დედა-შვილმა იზოლდა და ნინო კუდუხოვებმა, ასევე, ცოლ-ქმარმა კლარა ნანიევამ და უმარ ბაგაევმა შეიტანეს. ისინი საქართველოს მიერ კონვენციის დარღვევაზე ჩიოდნენ: “რომ ქართველი სამხედროებისგან იღებდნენ მუქარას, ხოლო მათი საცხოვრებელი დანგრეული იყო”. თუმცა სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.

მიიღებს თუ არა მას განხილვაში მესამე სარჩელს, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაზეც უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლებაც. ეს სარჩელი ხადიჯა ჯიოევასა და მის ორ ქალიშვილს – ალიონა და ირინა კაჩმაზოვებისაა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან და 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ცხოვრობდნენ.

ჯიოევას თქმით, 7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სროლებისა და მძიმე არტილერიის ხმა გაიგო, იძულებული გახდა საკუთარი სახლის სარდაფისთვის შეეფარებინა თავი. მეორე დღეს კი, როცა სახლში დაბრუნდა ტანსაცმლისა და საკვებისთვის, სწორედ ამ დროს, მისი საძინებლის კედელს ტყვია მოხვდა. 10 აგვისტოს, ის წავიდა ცხინვალიდან და შეხვდა ქალიშვილებს, რომლებიც მანამდე სოფელში გადავიდნენ. 2008 წლის სექტემბერში, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ სახლში და ნახეს, რომ მას სერიოზული ზიანი ჰქონდა მიყენებული. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯიოევას სარჩელის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას აცნობებს, ხოლო მისი ქალიშვილების სარჩელების მიღებაზე უარი თქვა, რადგან ისინი სოფელში წავიდნენ და მათი სიცოცხლისთვის სერიოზული რისკი არ არსებობდა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.