ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თემქის მეშვიდე განყოფილებასთან ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის ამბობდა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

ამ ინციდენტამდე დავით კობახიძემ ინტერვიუ რუსთავი2-ს მისცა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

„ფაქტია, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მე მინდოდა, ისე გამეკეთებინა, რომ, როგორც მიდგებიან, ისე მივდგომოდი. ახლა ყოველივე აქედან გამომდინარე, რომ ჩადებით დამემუქრნენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ მინდა, რომ განმეორდეს ვინმე კიდევ სხვა მოქალაქეზე. მე ბევრ ფაქტს მივმართე. ადრე იყო, რომ ხან ფსიქიატრიულში გამაქანეს, ხან წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ პოლიციას წინააღმდეგობას ვუწევ და ა.შ. მაგრამ ახლა მაქვს სულ სხვა გეგმები,“ – განაცხადა დავით კობახიძემ.

“ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ის, რომ თავის დაწვას აპირებდა, დავით კობახიძემ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა. შენობიდან გამოსულმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის  მუხლით [115] დაიწყო გამოძიება .