“ამას ვამბობ იმედის ეთერში და ვიტყვი ყოველთვის”-ქეთევან ქარდავასთვის “იმედზე” გასული ფილმი მიუღებელია

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს ემიჯნება, ამის შესახებ საერთაშორისო ამბების კორესპოდენტი სოციალურ ქსელში კოლეგების პროტესტს უერთდება და აგვისტოს ომის შესახებ ცალსახა პოზიციას აფიქსირებს. 

“ვერავინ და ვერანაირი გარემოება შემაცვლევინებს აზრს. რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალაა. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში . რუსეთი პასუხიმგებელია ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების დარღვევაზე….. რუსეთი არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, რუსეთი არ უშვებს ევროკავშირის მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო რეჟიმს ემსხვერპლა ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ბაშარული, კვარაცხელია. რუსეთი უშლის ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. რუსეთი კლავს. რუსეთს არ სურს მშვიდობა საქართველოში. ამას ვამბობდი წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან, ამას ვამბობ იმედის ეთერში და ვიტყვი ყოველთვის. სხვა ვერსია და სხვა სიმართლე არ არსებობს. #იმედი ჩემი კოლეგების რეპორტაჟები ომზე და არა მარტო ომზე, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის იძულებით შემოჭრის ვერსია და საერთოდ, ეს ხაზი მიუღებელია. ომიდან 11 წლის შემდეგ, თუ ამის თქმა და ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება დამჭირდებოდა , ნამდვილად არ მეგონა”-წერს ქარდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების  პროტესტი  იმ ფილმმა გამოიწვია, რომელიც საზოგადოებასა და ოპოზიციაში რუსული პროპაგანდის ნაწილად შეფასდა. ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.