“არ გვჭირდება შიდა ომები კომპანიაში. კომპანია გვინდა იყოს შეკრული ერთ გუნდად.“– ეს განცხადება რუსთავი2–ის დირექტორმა, პაატა სალიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან დაადასტურა საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია და ისიც დაადასტურა, რომ არხიდან კიდევ სამ წამყვანს – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანს და გიორგი გაბუნიას გაუშვებენ. გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა მას ოფიციალურად ამ თანამშრომლების შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გააფორმებენ. სალიას თქმით მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია, რადგან ეს ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალ არხს ქმნიან.
“ინტერესთა კონფლიქტია, ვერ იმუშავებს ორ ტელევიზიაში. მისი (კვესიტაძის) განცხადება იყო. თავად თქვა, მე და ნიკა ახალ ტელევიზიას ვაკეთებთო, ლაივში ვუსმინე.
ნანუკას შემთხვევაში ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, პირდაპირ აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ სიტუაციაში თანამოაზრეობა, ერთად მუშაობა და საერთო საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ?
ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე. ვინც შვებულების პერიოდში აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, რაც აკრძალულია ჩვენი ხელშეკრულებით“– აცხადებს სალია.