კასპის მერის გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც მან Qartli.ge-ის მისცა, საზოგადოების მხრიდან დიიდ გამოხმაურება მოჰყვა.
ინტერვიუს მიხედვით, კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს წყლის პრობლემის გადასაჭრელად ფერისცვალების დღესასწაულის და ამინდის ცვლილების იმედი აქვს.
„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- განაცხადა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.
დღეს კი Qartli.ge-მ კასპის მერის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მერებაშვილი განმარტებას აკეთებს და აკონკრეტებს რას გულისხმობდა ის.
,ჩემი განმარტება არის ასეთი, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ კავთისხევის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ. ეს გამომდინარეობს რამდენიმე მიზეზით, პირველ რიგში, ნალექიანი სეზონის დადგომით. კონკრეტულად არ მიგულისხმია ის, რომ ფერისცვალების დადგომიდან ზუსტად მეორე დღეს, მაგალითად, 20 აგვისტოს მაშინვე წვიმა მოვა და მიწაში წყალი ჩადგება. ასეთი რამ არ მითქვამს. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ფერისცვალების შემდეგ, 19 აგვისტოს შემდეგ, შემოდგომით, ნალექიანი პერიოდები იწყება, მდინარე კავთურა მოიმატებს, საიდანაც კავთისხევის მოსახლეობა ირწყვება. მოსახლეობა კი, სასმელ წყალს მოსარწყავად აღარ გამოიყენებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუკი სოფლის ერთ ნაწილს სასმელი წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, ხოლო მეორე ნაწილს – ორ დღეში ერთხელ, პრობლემა, ალბათ, მოსახლეობაშივე უნდა ვეძებოთ. ” – განაცხადა კასპის მერმა.
გამოცემის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.