არასაკვები საღებავი საკვების 3 ნიმუშში ისევ აღმოჩნდა

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან 3 ნიმუშში არასაკვები საღებავი “სუდან 1” აღმოჩნდა.

სურსათში “სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

როგორც momxmarebeli.ge აცხადებს ნიმუშები გერმანიის ლაბორატორია ევროფინსში (ლატვიის ლაბორატორია BIOR-ის შუამავლობით) სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნეს.

დარღვევა აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

  • “ხათოს აფხაზური აჯიკა”
  • აჯიკა Waime! (ვაიმე)
  • ტომატის საწებელი ცხარე “სუპრემო”

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩაატარეს, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა.