არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი აღარ არის- გედევან ფოფხაძე NDI-ს კვლევაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძის აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარება დეპრესიისა და აპათიის წინაპირობაა, რასაც ხელი პროპორციული არჩევნების საკითხმა შეუწყო.

,,მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს”,- ამბობს ფოფხაძე.

მისივე თქმით, ღმერთის გარდა , ქვეყანას სხვა ვერ უშველის და მას პატრონი არ ჰყავს.

,,ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის. რეალობა არის ძალიან მარტივი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მოცემულობა მარტივია, არის ორი პოლიტიკური პოლუსი და „ქართული ოცნება” ყველანაირად ხელს უწყობს ერთადერთი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას ხელს.”

ცნობისთვის, დღეს NDI-ს ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელშიც, გედევან ფოფხაძის აზრით, კატასტროფული ციფრებია ასახული.