“აშშ–მ საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს “– ბლუმბერგის სტატია ივანიშვილის წინააღმდეგ

გავლენიანი გამოცემა ბლუმბერგი მისი კოლომნისტის, ელი ლეიქის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების და საგარეო საკითხებზე წერს. სტატიაში საუბარია ივანიშვილის ავტორიტარიზმისკენ სვლაზე და იმ ქმედებებზე, რაც ავტორის აზრით ამერიკამ უნდა გააკეთოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო.

აშშ–მ საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს – ასეთია სტატიის სათაური.

გთავაზობთ სტატიას სრულად:

იდეალურ სამყაროში აშშ–ს პრეზიდენტს რამდენიმე წუთი დაჭირდებოდა, რომ მისი სერიოზული შეშფოთება გამოეხატა ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლის გამო საქართველოს რესპუბლიკაში, რომელიც მანამდე დასავლეთის სანდო მოკავშირე იყო.

რა თქმა უნდა, სამყარო და აშშ–ს პრეზიდენტი იდეალურები არ არიან. ამიტომაც, ამ მომენტში ეს მნიშვნელოვანი ამოცანა კონგრესს გადაეცა. ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამი წერილი მიიღო ამერიკელი კანონმდებლებისგან, რომლებშიც გამოხატულია შეშფოთება მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საარჩევნო რეფორმაზე უარის თქმის გამო. ცნობებმა იმის შესახებ, რომ გახარიას განზრახული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლო შეავსოს მოსამართლეებით, რომლებიც მისი პარტიის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე მიიქცია ამ კანონმდებლების ყურადღება. მათ დეკემბერში ქართული ოპოზიციის ლიდერების დელეგაცია ესტუმრა, რომელმაც მოუწოდა აშშ–ს ენერგიულად გააპროტესტოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები.

ბოლო, და ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი სენატორებს – ჯეიმს რიშს და ჯინა შაჰინს ეკუთნოდა, რომელთაგან ერთი რესპუბლიკელების წევრი და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა, მეორე კი კომიტეტის წევრი. გასულ კვირას ისინი წერდნენ, რომ “ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“. დევნას რამდენიმე ფორმა აქვს. ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიმართ ქართული ოცნების ერთგული “ტიტუშკების“ მხრიდან ძალადობა განხორციელდა, რაც სტანდარტული ამბავია ფსევდო რესპუბლიკებში და პოლიციურ სახელმწიფოებში. გარდა ამისა, ზოგიერთმა მოსამართლემ განაახლა მრავალი წლის წინანდელი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, როგორიც არის მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

ეს არის რეალური საფრთხე იმისთვის, რაც ქართული დემოკრატიისგან დარჩა. თუმცა მთავარი პრობლემა საქართველოსთვის ამჟამად ის არის, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია. მან დააარსა მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ და ხელმძღვანელობს მას. გახარია კი მის სურვილებს ემსახურება.

პრემიერ მინისტრობამდე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც უბრძანა უსაფრთხოების ძალებს ძალადობრივად დაეშალათ ქართველები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის სიმბოლურ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ: მმართველმა პარტიამ რუსეთის დუმის წევრები საპარლამენტო დიალოგისთვის საქართველოში მიიწვია. 2008 წლიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ქართველებისთვის მტკივნეული თემაა. პროტესტის შემდეგ მმართველი პარტია დათანხმდა რეფორმების სერიის გატარებას, თუმცა სექტემბერში გახარიას დანიშვნით დაპირებებზე უარი ითქვა.

გახარიას დანიშვნა დღევანდელი კრიზისის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილისგან განსხვავებით ის ქვეყანაში ბოლო დრომდე პრაქტიკულად არ იმყოფებოდა. მან რუსული მოქალაქეობა მხოლოდ 2013 წელს დათმო, პრაქტიკულად ორი ათწლეულის შემდეგ იქიდან, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ამ ფაქტორების ფონზე კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტურები იქნებოდნენ, საკუთარი შეშფოთება უშუალოდ ივანიშვილისთვის რომ გაეზიარებინათ. კონგრესის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს მითხრა, რომ კონგრესის წევრები როგორც წესი არ აწარმოებენ ოფიციალურ მიმოწერას კერძო პირებთან.

როგორც წესი, ეს გონივრული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს ამყარებს ილუზიას იმის შესახებ, რომ გახარია რეალურად აკონტროლებს სიტუაციას ივანიშვილისგან დამოუკიდებლად. დღეს ივანიშვილს ხელფეხი გახსნილი აქვს, მას შეუძლია კულისებიდან მართოს, ისე რომ თავი აარიდოს ანგარიშვალდებულებას ქართველი ამომრჩევლისა და დასავლელი მოკავშირეების წინაშე.

როგორც გასულ წელს ვწერდი, აშშ–მ უნდა განიხილოს საკითხი იმის შესახებ, რომ წინ წამოიწიოს პერსპექტივა, უფრო მკაცრ კონტროლზე აიყვანოს ივანიშვილის 5 მილიარდიანი ქონება, რომლის ნაწილი ამერიკაშია ინვესტირებული, თუ მისი პარტია ავტორიტარიზმისკენ სვლას განაგრძობს. თუნდაც ეს ნაბიჯი ამ მომენტში ძალიან შორული ჩანდეს, უკვე დადგა დრო საქართველოს რეალური ძალაუფლების მფლობელს დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი მსახურების ქმედებებზე.