აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “ახდენილი ოცნებების ქალაქის” მოწყობას იწყებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “მუყაოს ქალაქში” მასშტაბურ სამუშაოებს აანონსებს. რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ახდენილი ოცნებების ქალაქად გადაქცევას გეგმავს: 

“მინდა გაცნობოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას.

სულ მალე ე.წ ოცნების ქალაქი გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად.

სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში.

“მუყაოს ქალაქში” ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს სამუშაო ჯგუფი და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით, რათა არავის დარჩეს უსამართლობის განცდა”, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის: მუყაოს ქალაქი” ხელვაჩაურში, 25-ე და 53-ე ბატალიონების ყოფილ ტერიტორიაზეა. აგებულ ფიცრულებში ათასობით ადამიანი შესახლდა და მათი ნაწილი ეკომიგრანტია.