აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების სამუშაო გრაფიკი უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია

აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მრავალ დარღვევაზეა საუბარი.

ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6,499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3,349-ს, ხოლო 2018 წელს – 6,649 დასაქმებულიდან − 3,446 პირს. ამასთან, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1,398-დან 1,379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1,438-დან 1,420-მა მძღოლმა.

„კომპანიაში დასაქმებული მძღოლების უმეტესობა კვირაში ზოგჯერ მუშაობს 48 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით. აღნიშნული პრინციპი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება „საქართველოს შრომის კოდექსის“ ძირითად მოთხოვნას და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. გარდა ამისა, შრომის უკეთესი დაგეგმვისა და ორგანიზების პირობებში, კომპანია დაზოგავდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს”,-აღნიშნულია ანგარიშში.