ავთანდილ წერეთლის ანალიზებში ცვლილებებია, ვაგრძელებთ კვლევას- კლინიკა „ჰელსიკორის“დირექტორი

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას თქმით, ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ანალიზებში ცვლილებებია, ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, ამიტომ მისი გაწერა უახლოეს დღეებში არ იგეგმება.

მისივე თქმით, წერეთელს კრეატინინი ძალიან მაღალი აქვს, რაც ნიშნავს, რომ თირკმლის პრობლემაც აქვს.

„ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას”,- განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვლის საღამოს გადაიყვანეს. მისი შვილის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მამამისი სააბაზანოში გულწასული იპოვა.

ის მამამისის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს შედეგი სასამართლოში მისი ყოველდღიური ტარების გამო დადგა. ,,მას ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს”,- თქვა ვატო წერეთელმა.