საკვები, რომელიც არდადეგების პერიოდში ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ბავშვების მშობლებს გადაეცემათ- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არამალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ბავშვების მშობლებს გადაეცემათ.

,,თბილისის მერიის და საბავშვო ბაღები მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი, რომელიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს”,- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, პროდუქტები დაფასოვდება და ბავშვების მშობლებს ხუთშაბათიდან გადაეცემა. დაფასოებული პროდუქტები ორ კვირაში ერთხელ გაიცემა.

კალაძე აღნიშნავს, რომ ბაღებს აკისრიათ როგორც აღმზრდელობითი, ისე სოციალური ფუნქცია.

,,სამწუხაროდ, ბევრი ოჯახისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ განათლებისთვის, არამედ კვების სრული რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და დამატებით ტვირთად იქცეს”,- თქვა ბრიფინგზე თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღების არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.