ბოკერიამ და ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – ლელა ქებურიამ, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა  დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

კანონმდებლობის მიხედვით დაგროვებითი  საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაშორებულ პირებს შეუძლიათ.  ბოკერიას თქმით, მოქალაქეების ნაწილმა ეს არ იცის,რადგან მთავრობამ საინფორმაციო კამპანია, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არ აწარმოა.

” მე როგორც მოქალაქე, ვიყენებ შესაძლებლობას, რომ ჩემ ფულს მე თვითონ განვკარგავდე და არა მთავრობა. ყოველთვის ჯობია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარ ფულზე კონტროლი, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას და მით უმეტეს ისეთს, როგორიც ივანიშვილის მთავრობა”, – ამბობს ბოკერია.

სავალდებულო საპენსიო რეფორმას სრულიად უსარგებლოდ აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი  და 40 წლის ზემოთ ადამიანებს სისტემის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც არის ქართული ოცნების მთავრობა. მაგრამ, იდეალური მთავრობაც რომ იყოს, ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. 

პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ან მეტი შეუსრულდათ, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება უკვე შეუძლიათ.

განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (თბილისი, ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებშია შესაძლებელი. საპენსიო სქემიდან გასვლის საშუალება  დასაქმებულებს  მხოლოდ 2 თვე აქვთ. 

სააგენტოს ინფორმაციით, სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანია/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და გაკეთდა პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება სქემა დატოვოს. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს შეუძლია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდის პირად პროფილზე, იქ სადაც ამოწმებს საპენსიო დანაზოგს.