“ჩამოვიდეს ეგ კურდღელი, არც სტაფილოს მოვაკლებ მატროსოვზე, არც კომბოსტოს“-ქანთარია სააკაშვილზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრამდე სხვადასხვა კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ, „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ სიტყვა მოითხოვა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მას უკვე აქვს პასპორტი, არის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე და მისი ჩამოყვანა უნდა მოხდეს.
“მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს… ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს “კროლიკი“ – პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს – ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა მატროსოვისაკენ მიდის“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ