ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ნაწარმოები “დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“-თადუმაძე

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – ამ სიტყვებით მიმართა  პროკურორებს კონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

“მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა და წამატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. ძალიან მიხარია, რომ მსურველები არიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ახალი კანონმდებლობის რეგულაციის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს, როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარირეული წინსვლის შესაძლებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას, როგორც ასეთის და აბსოლუტურად პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველოს პროკურატურის მართვას. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”- ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ, დღეს მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.