ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება, ისინი 14-დღიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში 34 მოქალაქე ბრუნდება, ისინი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

მისი თქმით, ამ ადამიანებს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველში დაბრუნება უნდოდათ თუ არა.

,,უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგების და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა”,- აცხადებს მინისტრის პირველი მოადგილე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი მოხვდეს ინფექციურ საავადმყოფოში.

,,ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ”,- ამბობს ცერცვაძე.

ჩინეთიდან მოქალაქეები დაახლოებით 4 საათში დაბრუნდებიან.