ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აპრილში კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნება

ჩინეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომავალ თვეს უკვე მზად იქნება კორონავირუსის ვაქცინა საგანგებო სიტუაციებისა და კლინიკური კვლევებისთვის.

ქვეყნის რვა ინსტიტუტი ხუთი სხვადასხვა მიდგომით მუშაობს. ჩინური მედია ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ცენტრის დირექტორს ჩჟენ ცუნვეის ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ აპრილში ვაქცინების კლინიკური კვლევები დაიწყება და მათ საგანგებო სიტუაციებშიც გამოიყენებენ. თუმცა სანამ ვაქცინებს ფართო მოხმარებაში გაუშვებენ, და დარწმუნებულნი იქნებიან მის უსაფრთხოებაში 12–18 თვიანი პერიოდია საჭირო. მაგრამ ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით საგანგებო სიტუაციებში წამლის გამოყენება უფრო ადრეც შეიძლება, თუ სარგებელი რისკს აღემატება. ცუნვეი თავიდან ირიდებს კითხვას ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ და ამბობს, რომ ისინი სამეცნიერო და სტანდარტიხებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად მუშაობენ.

ვაქცინის შექმნაზე მუშაობს აშშ–ც. მასაჩუსეტსში ბაზირებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc.–მა მის მიერ შემუშავებული ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურ ინსტიტუტში თებერვლის ბოლოს გაგზავნა ტესტირებისთვის. პირველადი შედეგები შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში გამოქვეყნდეს.