ჩიორა თაქთაქიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ჩიორა თაქთაქიშვილი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.

მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!

ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება.“ – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

საკმაოდ ვრცელ პოსტში ის სხვადასხვა საკითხს ეხება. წერილის დასასრულს მადლობას უხდის გულშემატკივრებს.

„შიდაპარტიული დისკუსიის გახსნა და მტკივნეული დიაგნოზის დასმა – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე დღემდე შევძელი. ამაზე მეტი, სამწუხაროდ, არ გამომივიდა. მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მგულშემატკივრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ განხილვებში. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი კეთილსინდისიერი და ძლიერი ლიდერი გამოჩნდება სამოქალაქო საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარტიების შიდადემოკრატიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დამკვიდებას თავის ღია პოლიტიკურ ამოცანად დაისახავს და წარმატებასაც მიაღწევს! “ – წერს ჩიორა თაქთქიშვილი.