ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად- ბაქრაძე

,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” დამარცხება ოპოზიციას უკეთესი საქართველოს ასაშენებლად უნდა.

ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ მემორანდუმის გაფორმება ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება.

,,დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. „ევროპული საქართველო” სიამოვნებით უერთდება ამ შეთანხმებას, ეს შეთანხმება არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს, ღირსეული და თავისუფალი ბიზნესისა და ღირსეული და თავისუფალი მოქალაქეების პირობების შესაქმნელად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რამდენიმე წუთის წინ 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოს რეფორმის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. შეთანხმება 5 რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ განხორციელდება.