„ ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს“–დავით ჭიჭინაძე თალაკვაძის აშშ–ში ვიზიტზე

„ ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დაიხარჯება.“

ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“ , ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„დღეს საქართველოს რეპუტაცია იმდენად შელახულია, რომ აშშ სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, ისე მოიარა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოში ორი საათიც კი არ შემოუვლია.

როგორც ჩანს, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ, ვიდრე საქართველოსთან, თორემ მათ ამის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ერთი-ორ საათიანი ვიზიტი და სიტუაციაში გარკვევა პრობლემა არ იქნებოდა.
არადა, მე ვაფრთხილებდი „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ყოველი მათი ნაბიჯი აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ აშორებდა.

ასე რომ, დღეს ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დახარჯონ.

თანაც, ამ ლობისტებში და ტყუილა ფრენებში დახარჯულმა ფულმა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას და ეს ფაქტია.

თალაკვაძეს კი ვურჩევდი, ახალგაზრდა კაცია და თუ არ უნდა თავისი პოლიტიკური ცხოვრება „ოცნებასთან“ ერთად დაასრულოს, დაანებოს ისეთი სისულელეების ლაპარაკს თავი, რისიც თავადვე შერცხვება დაახლოებით ერთ წელიწადში.“–აცხადებს ჭიჭინაძე.