ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ- კობახიძე

,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება მათთვის მნიშვნელოვანია.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვალდებულება და შეთანხმება შესრულდეს.

ჩვენ დავითვალეთ მაქსიმალურად მჭიდრო ვადები თუ რა დროში იქნება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ეს ვადები გავიარეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ შევჯერდით ყველა ერთად, რომ გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც წესით ვერ უნდა შეუშალოს ხელი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას”,- აცხადებს კობახიძე.

მისივე განმარტებით, საგანგებო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები სტანდარტული გრაფიკით არ დადიან პარლამენტში, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო მიიღებენ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ორ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ერთი საარჩევნო სისტემას ეხებოდა, რომლის მიხედვით, წლევანდელი საპარალემენტო არჩევნები 120/30 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. რაც შეეხება მეორე მემორანდუმს, ის მართლსაჯულების საკითხს მოიცავს. ოპოზიციის განმარტებით, მმართველ გუნდს შეუთანხმდა, რომ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვიდოდნენ, თუმცა ისინი დღემდე საპატიმროში რჩებიან.