ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობას განაგრძობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. მათ 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით.
1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 – 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს და განამარხებულ ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს.
მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.
ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი – 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები.„ბრინჯაოს მღვიმეში“ კი გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.
ცნობისთვის,ცუცხვათის მღვიმე დაცული ტერიტორიაა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.