HBO და Universal Pictures-ი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილს ეძებენ

2019 წლის 25 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრებიან, ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: HBO, UNIVERSAl PICTURES.ისინი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.

ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „STAR WARS: The Force Awakens“, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO” და ა .შ. სტუმრები 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 20 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 39.8 მლნ ლარს შეადგენს.