დილიდან ოპოზიციამ და აქტივისტებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელი, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გადაკეტეს.
ამას მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებდნენტროტუარზე გადასულიყვნენ და ასე გამოეხატათ პროტესტი, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მათ განუმარტა, რომ ისინი არ აპირებენ ტროტუარზე დგომას და ქუჩის გადაკეტვით შეეცდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნას.
საბოლოოდ, პოლიციის კორდორის ზეწოლით აქციის მონაწილეები ტროტურაზე მაინც გადაიყვანეს.
პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა აქციის სამი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ ტერიტორიიდან შედიოდნენ დეპუტატები პარლამენტში. აქციის მონაწილეები კი სკანდირებენ: „მონა“, „მონა“.
ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შეხლა-შემოხლაც მოხდა:
პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაადასტურა და თქვა, რომ ისინი “არ დაემორჩილნენ პოლიციას”.
“მოვუწოდეთ, გაეთავისუფლებინათ გზა, გადასულიყვნენ გზიდან, რაზეც გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნენ დაკავებულები” – ამბობს სირაძე, თუმცა, არ აკონკრეტებს, რამდენი აქტივისტი დააკავეს.
“მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს” – თქვა საპატრულო პოლიციის უფროსმა.
ოპოზიცია და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.
დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს – ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.
პარლამენტი კენჭს მოსამართლეობის 19-ვე კანდიდატს უყრის.