ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორები ანაკლიაში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ბრალდებით 16 პირის დაკავებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურებიან.
“საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით.
მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც”,- აღნიშნულია Echowaves-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 ქურდობის ბრალდებით დააკავა.