“დანა კი არა მოკლე საგანი იყო” – ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში პატრულის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნის პროცესი გაიმართა. მას პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრებოდა.

„ამხელა ბრალს მე არ ვიმსახურებ, საერთოდ არ დამიზიანებია მეორე პოლიციელისთვის ფეხი. ეს არ არის სიმართლე და არც ორჯერ დამირტყამს დანა, თან ეს დანა კი არა, მოკლე საგანი იყო“, – თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ ობიექტური გამოძიების მიზნით, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად დაინიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სათანადო ექსპერტიზა.

18 დეკემბერს საღამოს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოთარ ლორთქიფანიძე მოქალაქემ დაჭრა. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.