დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში დიალოგს დავუბრუნდებით- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციასთან მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში დიალოგს დაუბრუნდება.

მისი თქმით, ამას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს და ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება.

,,სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აშშ, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლეთ დავბრუნდეთ დიალოგის მაგიდასთან. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება”,- აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, მაგიდის აყირავება ოპოზიციური ტერმინია, სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას. 

,,მაგიდის აყირავება არის ოპოზიციური ტერმინი, რომელსაც იყენებს ოპოზიციის ნაწილი, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის საელჩო მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დგას ცალკე და დგას დესტრუქციულ პოზიციაზე, რომ არ მიიღებს მონაწილეობას დიალოგში”,- ამბობს თალაკვაძე

ის რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა. შეხვდა პარტია ,,გირჩს”, რომელთან შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყდა.