დაჟინებით მოგიწოდებთ, მიიღეთ ზომები პროპორციული არჩევნებისთვის- ევროპარლამენტარები გახარიას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ევროპარლამენტარისგან მორიგი წერილი მიიღო.

ევროპარლამენტარები მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები პროპორციული არჩევნებისთვის ყოველგვარი გადადების გარეშე.

წერილში საუბარია 2019 წელს მომიტინგეების მიმართ პოლიციის არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის ზრდაზე, პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის გიგი უგულავას დევნასა და ,,ფეისბუქზე” ტროლებისა და ბოტების ხელისუფლებასთან კავშირზე.

ამ წერილს სრულად გთავაზობთ:

,,საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისაფული ვაჭრობის ხელმომწერი, ევროკავშირის დიდხნიანი პარტნიორია თავისი უნიკალური ადგილით ევროპულ სამეზობლოში.

თუმცა, როგორც საქართველოს ნამდვილმა მოკავშირეებმა, ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი შეწუხება საქართველოს უკუსვლით კანონის უზენასობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში.

სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო შესწორებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ჩავარდა. შეშფოთებულები ვართ იმ როლით, რაც მმართველმა პარტიამ ითამაშა ამ ჩაგდებაში. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია იმ სტატუს კვოს შედეგია, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების წახალისებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს და იმედი გვაქვს, რომ საკითხები დროულად გადაიჭრება. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოვუწოდებთ, მიიღოს დაპირებული ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდგომი დაყოვნებების გარეშე.

ვგმობთ, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს. მშვიდობიანი პროტესტის დაშლაში ძალიც გადამეტებაც მიუღებელია. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობაზე მეთვალურეობის არსებითი ნაწილია.

მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების ბაზისია. უზენაეს სსასამართლოში ბოლო დროს შერჩევა და დანიშვნები საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

აუცილებელია, შენარჩუნებულ იქნეს მიღწეული შედეგი, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა და დასრულდეს პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე.

ჩანს, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდია, თუ გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება, არააქტიური საქმეების განახლებას და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობას ან მათ პატიმრობაში ყოფნას.

გიგი უგულავას ახლანდელი საქმე კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.

საქართველო ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორი ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში, შესაბამისად, ბრალდებები, რომ მთავრობას აქვს კავშირები დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელშიც, Facebook-ის ცნობით, ასობით ყალბი ანგარიში და ჯგუფი იყო ჩართული, განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია.

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი და ყოველთვის დემონსტრირებდა სერიოზულ ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმებისადმი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეს წერილი შესაბამისად განიხილოს და გადაწყვიტოს ეს საკითხები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ ყველა დემოკრატიულ მცდელობაში და ველით საქართველო-ევროკავშირის უფრო ძლიერ პარტნიორობას მომავალში”,- წერია წერილში, რომელსაც მწვანეთა პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრი ევროპარლამენტარები აწერენ ხელს.