დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთანდაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ანჟელიკა ფუტულიანი პასუხისგებაში მისცა. ამ ქალბატონებს ბრალად სსკ–ს 182–ე მუხლი წარუდგინეს, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს. 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დღეს ნარინე გინოსიანი თავისუფალია, თუმცა ორი დღეა, მიზანმიმართულად ხდება იმ ბინძური კამპანიის მონაწილე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
იმ ამაზრზენი ბრალდების საპასუხოდ, თითქოს ნარინე გინოსიანის მიმართ გარკვეული ინტერესი მქონდა, მინდა, საზოგადოებას ვაცნობო მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა.
აუდიტის სამსახურმა, შესწავლის დასრულების შემდეგ, ეს საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა და გინოსიანს შესაბამისი ბრალიც წარედგინა.
გარდა ამისა, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოკადრების სახით, იმის შესახებ, როგორ აძლევს ნარინე გინოსიანი უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს. ანუ, ეს ქალბატონი საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი და მისი მეგობრების კერძო მოხმარებისათვის, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამის მტკიცებულება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „რომპეტროლის“ ერთ-ერთ სათვალთალო კამერას აქვს დაფიქსირებული.
მინდა, თხოვნით მივმართო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას, გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელთაც ჩემი მხრიდან, აუცილებლად გადავცემ შესაბამის უწყებებს. ასევე, მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი კონკრეტული ლიდერის შესახებ, რომელთაც უკვე გამართეს შეხვედრები ფულის მიმთვისებელ გინოსიანთან და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მისაცემად, მას ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებების გაჟღერება ურჩიეს. მივმართავ ამ პარტიის მესვეურებს – შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.