დეპუტატმა ილია წულაიამ კორონავირუსის გამო კანონი დაარღვია

ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია წულაიამ, რომელიც კომპანია არქის დამფუძნებელია, კანონი დაარღვია. არქის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც დეპუტატი კომპანიის ბანერთან დგას და პირადად აცნობს საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის 30 000 ლარის გამოყოფის შესახებ.

პარლამენტის რეგლამენტი პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსებას ასე არეგულირებს:

1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

ილია წულაიას ფორმალურად არქის და მასთან დაკავშირებული კომპანიების წილი მართვის უფლებით აქვს გადაცემული, თუმცა ამ ვიდეოთი ცხადი ხდება, რომ ის კომპანიის საქმიანობაში და მართვაში მონაწილეობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის რეკლამირებას ეწევა.

კომპანიამ ფეისბუქში დეპუტატის მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოს სარეკლამო კამპანიაც ჩაუშვა.