დღეს ინფექციურ საავადმყოფოს მეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს მათ კლინიკას კორონავირუსით დაინფიცირებული და გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, რაც ნიშნავს რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საქართველოში 9–მდე გაიხრდება. 

„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ ჩვენთან იყო 35 შემთხვევა და დაგვემატა  5  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ ჯამურად სხვადასხვა COVID 19-ის მიმღებ ცენტრებში არის  26 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ ორმოციდან უკვე გაწერილია 8 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, ანუ ახლა კლინიკაში არის 32 პაციენტი, მათ შორის, 1 გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება კლინიკაში დამატებითი პროცედურებისთვის. ეს მეცხრე პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.გამოდის, რომ ჯამში სულ 9 გამოჯანმრთელებულია,“ –აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიას ინფორმაციით 5  ახალ შემთხვევა ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა. ისინი საქართველოში  აშშ-დან 7 ან 11 მარტს ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.