დღეს ისეთი ტიპის კრიზისთან ვართ ახლოს, რაც შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ ხდებოდეს- მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანის თქმით, დღეს საქართველო და მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა ისეთი კრიზისის წინაშეა, რაც 100 წელიწადში ერთხელ ხდება.

,,მესმის, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა გლობალურად მთელი მსოფლიო, რაც შეიძლება ას წელიწადში ერთხელ ხდებოდეს, შესაბამისად ახლა გვმართებს, რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გამოსავალი და გასაღები ამისა არის ეპიდემიის ლოკალიზებაში, რომ ეკონომიკამ ხელახლა იფუნქციონიროს”,- ამბობს ვაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი ეკონომიკურ მოვლენებს ასახავს, ამიტომ ცალკე მისი მართვის და მოწესრიგების ღონისძიებები არ არსებობს. მისი თქმით, ლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკა ჩვეულ განვითარებას.

,,მოგეხსენებათ, ლარის კურსი ყოველთვის იყო და ასახავდა ქვეყანში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, სპეკულაციები შეიძლება იყოს მოკლე ვადაში, მაგრამ გრძელ ვადაში ასახავს იმ ეკონომიკურ მოვლენებს, რაც ქვეყანაშია და შესაბამისად, დღესაც ამის ანარეკლია, ამიტომ აქ ცალკე განყენებული ლარის კურსის მართვის და მოწესრიგების ღონისძიებები არ არსებობს”,- თქვა ვანო მაჭავარიანმა ბრიფინგზე.

20 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.1 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გაუფასურდა.

ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.1880 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.4230 ლარი.